დაბა სურამის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი ცხადდება
13 სექტემბერი 2019დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოტანილ საკითხებს შორის ერთ-ერთი თემა დაბა სურამის გენგეგმის შემუშავება იყო. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, სივრცითი მოწყობის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს ტურისტულად მნიშვნელოვანი, პოტენციურად საინტერესო ლოკაციების სივრცითი მოწყობის გეგმებს, რაც გულისხმობს ამ ტერიტორიებისთვის ახალი ფუნქციების მოძიებასა და არსებული ფუნქციების აღდგენას.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათ ტერიტორიებზე განაშენიანების ისეთი სახის რეგულირებისთვის, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ იქ სრულფასოვანი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კურორტები ჩამოყალიბდეს. ამასთან, განვითრების გეგმების შესაბამისად სამინისტრო დონორების დახმარებით და სახელმწიფო ბიუჯეტით უკვე ახორციელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ დასახლებისთვის ასეთი სახის კურორტად ჩამოყალიბებისთვის“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაბა სურამის საკურორტო ფუნქციის განვითარების მიზნით, ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესამუშავებლად საპროექტო მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
ამის შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა, საფუძველი კი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წერილობითი თხოვნა გახდა.
დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვრებში, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მოამზადოს დაბა სურამის გენერალური და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმების პროექტები, ასევე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
1948 წელს სურამი რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. უნიკალური ბუნებრივი კლიმატი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა დაბას ადვილად მისადგომს ხდის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის. სურამში ბევრი კულტურული ძეგლია, რომელიც ტურისტებისთვისაა საინტერესო.
რადგან სურამს არ გააჩნია გენერალური გეგმა, არსებობს საფრთხე, რომ ტურისტების გაზრდილი რაოდენობის ფონზე აქტიური სამშენებლო საქმიანობები, უსისტემო განაშენიანება ზიანს მიაყენებს დაბას. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების აუცილებლობა. კურორტის აღორძინებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასევე, მნიშვნელოვანია მოხდეს ცენტრის ფუნქციის მატარებელი საზოგადოებრივი სივრცის განსაზღვრა და დაგეგმარება.
განაშენიანების გეგმების შემუშავებისას პრიორიტეტულად გასათვალისწინებელი საკითხებია - კურორტის ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენება, სურამის საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგება, არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესება, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირება, ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ვითარებისა და შესაძლებლობების ანალიზი, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია, ე. წ. ბრაუნფილდის - არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრა.